"გთხოვ, ისუნთქე! მიყვარხარ!" - რამდენიმე კვირის წინ შვილის მიერ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მამისთვის შეგზავნილი წერილის ფოტომ მთელი საქართველო მოიარა. იმ მომენტისთვის მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამა გუშინ საავადმყოფოდან გამოწერეს ჯანმრთელი და ახლა ალბათ ბედნიერ ოჯახთან ერთად ახლი წლის სამზადისშია.
2020-ი წელი თუ რამესთან ასოცირედება ეს კოვიდ პანდემიაა: თვალწინ გვიდგება კორონათი დაინფიცირებული, მომაკვდავი, ფილტვებგაჩერებული ადამიანი, რომელიც ინტუბაციის აპარატზეა შეერთებული. სხეულს ხელოვნური გზით აწვდიან სიცოცხლისთვის აუცილებელი ჟანგბადს. რეგულარულად უზომავენ სატურაციას - ანუ სისხლში ჯანგბადის შემცველობას.
დღეს ქართული სახელმწფიო პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ვირუსინფიცირებულია. ის უკვე კარგა ხანია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ორივე ფილტვი გათიშული აქვს: პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. სატურაცია 94-ს ქვევითაა. ქართული პოლიტიკური და მმართველობითი სისტემა ინტუბაციის აპარატზეა შეერთებული, რადგან ერთპარტიული პარლამენტისა და პოლიტიკური კრიზისის გამო დემოკრატიის ანუ ჟანგბადის სერიოზულ დეფიციტს განიცდის. ის, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ სუნთქავს, ერთის მხრივ ქართული საზოგადოების მიერ, საკმაოდ დიდი მსხვერპლის ფასად შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტების ინერციით მუშაობით, მეორეს მხრივ კი დასავლეთის დახმარებითა და ყურადღებითაა განპირობებული. იმ დასავლეთის, რომელიც დღეს მთავარ რეანიმატოლოგად გვევლინება. თუმცა მისი მხრიდან მოწოდებულ კორექტულ შენიშვნებსა თუ მითითებებს ან სრულად ვუყრუებთ, ან არაადეკვატურად ვრეაგირებთ.
ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული ჩვენი სახელწმიფო ბიუჯეტიც, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ უზარმაზარ ვალებზე ჩამოკიდებული სუბსიდირების ბიუჯეტი. ფაქტია, რომ გაჩერებული ეკონომიკა ვეღარ კვებავს სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი ეკონომიკური აქტივობის ჟანგბადით. ამ უზარმაზარი დეფიციტის დაფარვას კი ვალებით და სუბსიდიებით ვცდილობთ, რის გამოც სრულად ვართ დამოკიდებული უცხოეთის შემწეობასა და ქართველი ემიგრანტების მიერ, დიდწილად იმავე დასავლეთში გამომუშავებულ და გამოგზავნილ ფულზე, რომლის მოცულობაც და რესურსიც ასევე შეზღუდული და ამოწურვადია.
ამ გადაცემაში არაერთი კოვიდ გადატანილი მონაწილეობდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სტუმაირს ისტორია, რომელსაც ფილტვების 70 პროცენტი გაეთიშა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა მან მოახერხა კოვიდის დამარცხება.
ექიმების აქტიურობისა და თავდადების პარალელურად, მის გადარჩენაში გადამწყვეტი როლი თავად პაციენტის სიცოცხლისთვის თავდაუზოგავმა ბრძოლამ, აუტანელი ტკივილის ფონზე, უკანასკნელი ძალისხმევით ჩასუნთქულმა ჟანგბადმა და ასობით გაბერილმა ბუშტმა შეასრულა.
ამიტომ პირველი: როდესაც ახალ 2021 წელს სრულიად საქართველოს მივულოცავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს იგივეს გაკეთება ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და ქართველი ემიგრანტებისთვისაც. მეტიც, მხოლოდ კი არ უნდა მივულოცოთ, არამედ ვილოცოთ კიდეც იმისთვის, რომ იქიდან მომავალი ის აუცილებელი ჟანგბადი, ფინანსებისა და დემოკრეტული ჩართულობის სახით, რომელიც ამ ქვეყნის გადარჩენას ასევე ძალიან ჭირდება, არ შეწყდეს. და მეორე და ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ თავად ქვეყანამ, თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, არ გაჩერდეს და ან დაიწყოს ბრძოლა გადარჩენისთვის, სიცოცხლისთვის, სახელმწიფოსთვის: რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი ჩავისუნთქოთ, მეტი "ბუშტი გავბეროთ" და ფილტვები მოვიძლიეროთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩეს და დამოუკიდებლად შეძლოს სუნთქვა.
ჩემო ქვეყანა გთხოვ, ისუნთქე! მიყვარხარ!